ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, სუბიექტი აღწერლია მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში - ასეთ ნამუშევრებს 16 წლის რუსთაველი მხატვარი, მარიამ ძაძამია ქმნის, რომელმაც ხატვის ნიჭი 6 წლის ასაკში აღმოაჩინა.
ამ დროის განმავლობაში, მისი ინტერესის სფერო არაერთი რამ გამხდარა, უამრავ ჰობსა და ნიჭს შორის კი, ხატვა ერთადერთია, რამაც წლებს გაუძლო და მათ სვლასთან ერთად არ შეიცვალა, რის გარეშეც ცხოვრების ვერცერთი ეტაპი ვერ წარმოუდგენია.
როგორც უკვე მიხვდით, ახალგაზრდა მხატვრის ჟანრი კუბიზმია - ჩანახატებზე აკვარელითა და ტუშით, ხოლო ტილოზე აკრილის საღებავებით მუშაობს. მარიამი უკვე ათობით ჩანახატისა და 30-ზე მეტი ტილოს ნამუშევარის ავტორია, რომელთაგან გარკვეული ნაწილი გაიყიდა.
6 წლისამ ხატვის საწყისი საფუძვლები ლუდა წულაიასთან შეისწავლა, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ეს საქმე თავად გააგრძელა და ტილოზე მუშაობაც დამოუკიდებლად აითვისა.
"პიკასომ თქვა, რომ "ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, რეალურად არსებობს", ხოლო დავით დოიაშვილმა თქვა, რომ "რეალობა არის ის, რაც ჩვენ არ გვინახავს". აქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესოა ამ რეალობის აღმოჩენა, ფერებით ფიქრი და ხელოვნებით სწავლა.
გამორჩეულად საყვარელი მხატვარის, ლევან სონღულაშვილის სიტყვებია - "ხანდახან ფორმა იქცევა კონცეფციად, ხანდახან კი კონცეფცია გვიბიძგებს ფორმისკენ", ჩემი ნამუშევრების უმეტესობა კი სრული ინტერპრეტაციაა. განსხვავებულად საინტერესო პროცესებია ნახატის დაწყება, პროცესის განვითარება და დაგვირგვინება. სამივე ეტაპი მაკარგვინებს დროის შეგრძნებას. ყველაზე რთული ნაწილი ხატვის შეწყვეტაა, რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, ამის გარდა ხომ სხვა უამრავი საქმეა", - უყვება "ინფო რუსთავს" მარიამ ძაძამია.
ახლა N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, თუმცა მომავალში მხატვრობის და ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლას აპირებს.
როგორც ახალგაზრდა რუსთაველი გოგონა გვიყვება, მისი ყველა ინტერესი, საბოლოო ჯამში, კავშირს ხელოვნებასთან ჰპოვებს.
"წლების განმავლობაში ბევრი ისეთი ინტერესი აღმოვაჩინე, რომელიც ხელოვნებას უფრო და უფრო მაყვარებს. ერთ-ერთი ასეთია ფოტოგრაფია. დაახლოებით ორი წლის წინ, შევქმენი ფოტოგრაფიის გვერდი ინსტაგრამზე, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვანთავსებ (@marianis.photography). 2021 წელს სახელოვნებო კონკურში გამარჯვების შემდეგ, ამავე წლის ზაფხულში, ერთ-ერთი ფოტოკონკურსის გამარჯვებულიც გავხდი. რამდენიმე თვის წინ ჩანახატების ახალ სერიაზე მუშაობა დავიწყე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრების ჩემეულ ვერსიას ვხატავ, რაც ხელოვნების ნიმუშების და მათი ავტორების უკეთ გაცნობაში მეხმარება. ჩემთვის საინერესოა სხვადასხვა სფეროს კავშირი ხელოვნებასთან. როდესაც რაიმე სფეროში წარმატებულ ადამიანთან შეხვედრის საშუალება მეძლევა, მას პირველ რიგში ვეკითხები, როგორ ხედავს კავშირს ხელოვნებასთან. ამ უჩვეულო გადაკვეთებით კი, ჩემი აზრით, სფეროს განვითარება შეგვიძლია", - გვიყვება მარიამ ძაძამია.
პარალელურად, ის უკვე სამი წელია კანტის აკადემიის სტუდენტია, სადაც ბიზნესს, მარკეტინგსა და ბრენდინგს სწავლობს. ასევე, თავისუფალ დროს წერს ბლოგებს მოდაზე.
ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც ახლო მომავალში აქვს, პირველი მასშტაბური სოლო გამოფენის მოწყობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, სურს მშობლიურ ქალაქში შედგეს და იტოვებს იმედს, რომ ამისი შესაძლებლობა მიეცემა.