რუსთაველების ნაწილი შესაძლოა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს

2022-05-07 12:24:50

რუსთაველების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ემუქრება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეგმიურ შემოწმებას ატარებენ და იმ შემთხვევაში, თუ ერთკამერიანი ღია წვის წყლის გამაცხელებლებს სახლში აღმოაჩენენ, ოჯახს გაზს უჭრიან.

საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. რუსთაველების ნაწილი ფაქტს აპროტესტებს და ამბობს, რომ გამაცხელებლების გარე სვრცეში გატანა მათთვის შეუძლებელია.

"სად უნდა დავაყენოთ, მილები როგორ უნდა გავოყვანოთ, არ ვიცი. ყველას გაუჭირდება. არ გამოდის, გარეთ თუ დააყენე, წყალი გაიყინება ზამთარში, სასწაული მოხდეს და გაიყვანო, მაშინ უნდა დაამახინჯო სახლიც, თანაც გარეთ უნდა არეგულირო? თუ არ გაიტანთ, ჩაგიჭრით გაზსო გვეუბნებიან", - აცხადებს ერთ-ერთი რუსთაველი.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში განუცხადეს", ეს არა კომპანიის მოთხოვნა, არამედ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაა და მოალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. 

"ჩვენი მოთხოვნა არაა, სემეკის დადგენილებაა. ესაა გეგმიური გამაფრთხილებელი შემოვლა ოჯახებში, ჩვენები ვალდებულები არიან მივიდნენ და სადაც არასწორად არის გამათბობელი ან წყალგამაცხელებელი, თუ დასალუქია ლუქავენ და აძლევენ რეკომენდაციას. ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული შემოწმება, ვალდებულები არიან წელიწადში ერთხელ შევიდნენ ოჯახებში ამ მიზნით. უნდა იყოს წყალგამაცხელებელი ორკამერიანი, გამწოვი მილები არ უნდა იყოს სავინტილაციო არხში შეერთეებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენები უწყვეტენ გაზის მიწოდებას.

მაშინ სხვა უნდა შეიძინონ, არსებობს ელექტრო წყალგამაცხელებლები, მესმის, რომ არ აქვთ საშუალება, მაგრამ ღმერთმა ყველა დაიფაროს, რამე რომ მოუვიდეთ, ვინ არის პასუხისმგებელი შემდეგ? ", - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები