უკრაინაში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მშობლიურ ქალაქში გადმოასვენეს [video]

2022-04-15 09:14:53

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპული რუსთაველი სამხედრო, დავით მენაბდიშვილი მშობლიურ ქალაქში გადმოასვენეს. [ვიდეო/video]

დაღუპულ ჯარისკაცს თანამოქალაქეები რუსთავის შემოსასვლელში დახვდნენ, მათ ხელში უკრაინის, საქართველოს დროშები და ყვავილები ეჭირათ. მოქალაქეებმა მუხლმოდრეკითა და დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულ მებრძოლს.

დავით მენაბდიშვილი რუსთავის სიონის ეკლესიაში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცს ხვალ, სამხედრო წესით დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.

მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. დაღუპული ქართველები აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნის ფონზე გამოასვენეს.

ქართველი მებრძოლები 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები