2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის დღე

2022-04-02 18:31:35
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ჯაიანი, საკრებულოს ფრაქცია ,,რუსთავი - საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ნათია შელეგია და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა შატბერაშვილი ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის ,,პარტნიორობა თანასწორობისთვის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ.

2017 წლიდან ქალაქ რუსთავში ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დაიწყო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ქცევის თერაპიის განხორციელება, ასევე სხვა განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის კოგნიტური უნარების და მეტყველების განმავითარებელი სერვისების შეთავაზება. ამ ეტაპზე ცენტრის სერვისებით 80 ბენეფიციარი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ განხორციელების წესში.კერძოდ, პროგრამის მოსარგებლეთათვის გაიზარდა სესიების რაოდენობა 15 სესიის ნაცვლად, თვეში არაუმეტეს 17 სესიის ოდენობით.

აგრეთვე, გაიზარდა პროგრამით მოსარგებლე პირთა ასაკობრივი ზღვარი. კერძოდ, პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან შესაბამისი დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის საქარველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.