მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში საქართველო ბოლოდან მეოთხე ადგილზეა, რაც, კვლევის ავტორთა შეფასებით, ნიშნავს, რომ ქართველები ქველმოქმედების მიზნით ფულს პრაქტიკულად არ ხარჯავენ.ინფორმაციას „charities aid foundation”(cafonline.org) ავრცელებს. ბრიტანული ორგანიზაცია „მსოფლიო ქველმოქმედების ფონდის“ კვლევაში მონაწილე 139 ქვეყნიდან საქართველო 135-ე ადგილზეა. მსოფლიო ქველმოქმედების რეიტინგში ქვეყნის მოქალაქეთა ქველმოქმედებისკენ მიდრეკილების ხარისხი სამი კომპონენტით განისაზღვრება: უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, საქველმოქმედო ფულადი შემოწირულობა და მოხალისეთა აქტივობაში ჩართულობა. საქართველო აღნიშნულ კომპონენტებში შესაბამისად იკავებს 113-ე, 137-ე და 124-ე ადგილებს.ამ მონაცემებით, საქართველოს ქველმოქმედებისკენ მიდრეკილების ხარისხი 18%-ია. რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: მიანმარი, ინდონეზია, კენია, ახალი ზელანდია, კენია. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. აზერბაიჯანი რეიტინგში 126-ე, რუსეთი - 124-ე, ხოლო სომხეთი - 122-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში ბოლო ადგილს იემენი იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კვლევაში, 140 ქვეყნიდან საქართველო 120-ე ადგილს იკავებდა.