რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მშენებელი კომპანიისთვის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსწორების ვადის განსაზღვრას ეხებოდა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
ფრაქციის "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ნათია შელეგიას განცხადებით, საკითხი არ იყო სრულყოფილად შესწავლილი, რის გამოც მისი უკან გაბრუნება მოხდა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება კანონთან და მოცემულ რეალობასთან, მიიღებს მათ მხარდაჭერას.
"მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საკითხი არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და გადმოგზავნილი მერიის მხრიდან, ამიტომ შესაბამისი შესწორებების მიზნით მოხდა უკან გაბრუნება. როგორც კი ეს ხარვეზები გამოსწორდება, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას განკარგულების პროექტთან დაკავშირებით.
ეს ტენდერი ჯერ კიდევ სამი წლის წინაა გამოცხადებული, შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გარკვეული ხარვეზები ჰქონდათ, ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას, შესწორდეს და განკარგულების პროექტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება კანონთან და მოცემულ რეალობასთან, აუცილებლად, მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას",- განაცხადა ნათია შელეგიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, კი აღნიშნული პროექტი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა იყო და ქართულმა ოცნებამ ერთპიროვნულად მიიღო მასზე გადაწყვეტილება.
"ეს იყო პოლიტიკური წინასაარჩევნო თემა, ამაზე აკეთებდა რეკლამას ქართული ოცნების მერობის კანდიდატი. ჩვენ ვუთხარით, ყველა საკითხი, რომელიც იქნება ქალაქისთვის საჭირო მხარს დავუჭერდით, მაგრამ საკითხები, რომლებიც იქნებოდა პოლიტიკური სარგებლობისთვის, მას მხარს არ დავუჭერდით. ტერიტორიაზე, რომელზეც წინადადება შემოჰქონდათ, უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, მშენებლობაც და შემოღობილიცაა. ახლა მოდიან საკრებულოში, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ მერიის ყველა საქმიანობაში ჩავერთოთ, რომ საწყის ეტაპზევე მოხდეს ამგვარი საკითხების ძირფესვიანი შესწავლა და ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღოთ. ვერავინ ერთპიროვნულად ვერ უნდა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მერე საკრებულოზე გამოვა და დაიბლოკება",- განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.
საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრის მარი ლიპარტელიანის განცხადებით, საკითხის უკან გაბრუნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობის მალე დასრულებას ხელს უშლის.
"მნიშვნელოვანია გავიაზროთ, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი სთავაზობს მუნიციპალურ სერვისებს ჩვენს მოქალაქეებს. იგულისხმება, რომ ერთ შენობაში მისულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, რომ მიიღოს რამდენიმე მუნიციპალური სერვისი ერთდროულად და მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი აზრით, მიმდინარეა მშენებლობა და რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ეს საკითხი არ გავიდა",- განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.