რუსთავში, ერთ-ერთ ფერმაში 55 ცხვარი დაიხოცა. [ვიდეო/video]
საოჯახო ფერმერული მეურნეობის ერთ-ერთმა მფლობელმა, ლევან კობალაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, ცხვრების დახოცვაში "რუსთავის აზოტის" საწარმო დაადანაშაულა.
მისი განცხადებით, ცხვრების ხოცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფარის ნაწილმა წყალი იმ ტბიდან დალია, რომელშიც საწარმო "რუსთავის აზოტის" კუთნილი ვაგონების ნარეცხი წყალი ჩაედინება.
"გუშინ დღის განმავლობაში მწყემსი აძოვებდა ცხვარს, როდესაც ბატკნების ჭამის დრო მოვიდა ცხვარი გადმოჰყავდა ტერიტორიაზე და წყალზე მიუცვივდა. ცხვრებმა წყლის დალევა რომ დაიწყეს მწყემსი უცებ მივარდა, გადმორეკა და გადმოიყვანა სადგომში. შიგნით რომ შევიდნენ, დაიწყო ცხვრის ხოცვა. ყოველ 3-5 წუთში ერთი კვდებოდა. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის აზოტის კუთვნილებაში, სადაც ირეცხება შემოსული ვაგონები, ნარეცხი წყალი კი გადადის სახელმწიფო მიწაზე...
ჩვენი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაა, რომელიც დაახლოებით 25 000-დან 30 000 ლარამდეა. ამ დროისთვის დაღუპულია 55 ცხვარი და დაკვირვების ქვეშაა იმ ფარაში მყოფი ცხვრებიც, რომლებმაც ეს მომწამვლელი წყალი დალიეს.
ბრალეულობა მიუძღვის აზოტს, რადგან იქ ვაგონების განარეცხი წყლის დალევის შედეგად დაიღუპა ცხვრები",- განაცხადა კობალაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე გამოიძახეს გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც თავდაპირველად ნიმუშების აღება არ სურდათ, თუმცა, კობალაძის განმარტებით, ძალდატანების შემდეგ ტბის ტერიტორიიდან წყლის 4 ნიმუში აიღეს.
ზედამხედველობის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ აღებული სინჯები ლაბორატორიული კვლევის მიზნით გადაიგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში და შედეგებზე დაყრდნობით გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტო კი მკვდარ ცხოველებს ექსპერტიზას უტარებს.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საწარმო "რუსთავის აზოტის" დირექტორს, ლევან ბურდილაძესაც, რომელიც აცხადებს, რომ ტარდება ექსპერტიზა და გამოკვლევებით დადგინდება, რა გახდა ცხვრის დახოცვის მიზეზი.
"შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი უწყებები. უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, შესაბამისი პროცედურების მიხედვით გამოკვლევები და დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია ცხვრის დაღუპვა. ფერმა რომ იძახის, ცხვარი დაგვეღუპა და მიზეზი ეს არისო, იმათ ხელში უჭირავთ რამე დაკუმენტი?",- განაცხადა ბურდილაძემ.