"ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა გვტკივა რუსთაველებს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "ქართული ოცნებიდან" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა განუცხადა. [ვიდეო/video]
როგორც შატაკიშვილმა აღნიშნა, მისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რუსთავში გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრა იქნება.
"მაჟორიტარი დეპუტატობა არის შესაძლებლობა, რომ სწორად გამოვიყენო ჩემი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა. ეს გამოვიყენო მხოლოდდამხოლოდ რუსთაველი და გარდაბნელი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებისათვის.
დღემდე ვცხოვრობ რუსთავში და ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა გვტკივა რუსთაველებს და ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდება გარემოსდაცვით მიმართულებაზე. ჩემი მუშაობის პერიოდში, ამ მიმართულებითაც მაქვს დაგროვებული გამოცდილება და ამას გამოვიყენებ უკვე საპარლამენტო საქმიანობაში. არ იარსებებს სამუშაო ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ფორმატი, რომელიც დაკავშირებული იქნება გარემოსდაცვით საკითხებთან, რომ არ გამოვიყენო, არ გავაჟღერო, არ ვიმუშაო, საქმიან რეჟიმში არ ჩავერთო გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, - აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.
"ინფო რუსთავმა" შატაკიშვილს ჰკითხვა, როგორ აპირებს უპასუხოს რუსთავში არსებულ სხვა გამოწვევებს, რასთან დაკავშირებითაც "ქართული ოცნებიდან" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს ის მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში, რუსთაველებისთვის მალე გახდება ცნობილი.
"გარემოსდაცვითი მიმართულება ეს არ არის ერთადერთი, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი და ძალიან კარგად მესმის, რომ გამოწვევაა ახალგაზრდობის მხარდაჭერის ნაწილი, გამოწვევაა დასაქმების ნაწილი, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. როგორც გითხარით, აქტიურად ვარ ჩართული ჩემს გუნდთან ერთად და ძალიან მალე საზოგადოების წინაშე წარსვდგებით კონკრეტული გეგმით, თუ რას ვაპირებთ და რას შევპირდებით ჩემს რუსთაველებსა და გარდაბნელეს", - აცადებს ირაკლი შატაკიშვილი.
შატაკიშვილი პროფესიით იურისტია. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.