ქართულმა ოცნებამ 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ შატაკიშვილი საზოგადოებას ქართული ოცნების შტაბში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.
"როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.
ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი",- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ნინო ლაცაბიძემ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატი გახდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის, რუსთავსა და გარდაბნის 10 თემს საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, რომელიც ცესკომ 2 აპრილს დანიშნა.