რუსთავის მერია ქალაქის გამოცოცხლების მიზნით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, მათ შორისა კონცერტები, ფესტივალები, გაზაფხულის მუსიკალური დღეები და მუსიკალური აკადემია.
ამის შესახებ ქალაქის მერმა და კულტურის მიმართულებით მისმა მრჩეველმა, ლაშა ნოზაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.
ნოზაძის თქმით, კულტურის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული გეგმები აქვთ.
"ეს არ არის ქალაქი, რომელიც ახალგაზრდების გარეშე აპირებს თავისი იდეოლოგიის განვითარებას. პირიქით, ეს არის ახალგაზრდული ქალაქი და თქვენზე აწყობილი იდეების ქვეშ იქნება აქაურობა განათებული...
წელს არის საიუბილეო წელი და რუსთავის თეატრი 55 წლის ხდება. ვფიქრობთ, რომ ერთობლივად იმ დაფაზე გავიყვანოთ, რასაც ცნობადობის მაღალი საზომი ჰქვია. ის კი არ ვიყვიროთ რა კარგი ისტორია გაქვს, არამედ რა კარგ მდგომარეობაში ვაპირებთ ყოფნას. ყველგან შეგხვდებათ თეატრი, მისი აფიშებით, რეპერტუარით, სიახლეებითა და ფესტივალებით...
შემდეგი გახლავთ საქალაქო მასშტაბური ღონისძიებები. ჩვენთვის კარგად ცნობილი დღეები, რომელიც სულ იყო, არის და იქნება ჩვენს შემდეგ. 26 მაისი, ახალი წელი, ქალაქობის დღესასწაული და ესეც ერთგვარად წარმოაჩენს რანაირი გემოვნებისა და ქალაქის შვილები ვართ, როცა ვმასპინძლობთ მომსვლელ სტუმრებს. აქაც გვინდა ცოტა მოვუხვიოთ და ჩვენებური სპეციფიკა რუსთავული ხაზი გავავლოთ დიდ ქართულ კულტურაში, ყველა ქალაქს თავისი სპეციფიკა აქვს.
არცერთი ღონისძიება რუსთავში არ უნდა იყოს ღონისძიებისთვის. ეს უნდა იყოს ხაზი ჩვენი იდენტურობის და რა ტიპები ვართ, რისი მატარებლებიც ვართ, ამის წარმოჩინების დღე.
შემდეგი არის გაზაფხულის მუსიკალური დღეები. ნინოს შეხედულება ახალგაზრდული ცხოვრების მიმართ გახლავთ ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენ გულებშია და როგორსაც ათეული წელია ვსურვილობდი, რომ ვინმეს ეთქვა, გულს სჭირდება ძგერა და ეს ძგერა არის შეკრება და მუსიკა, სიცოცხლე და აზრის გაცვლა ერთმანეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ გაზაფხულზე, თავისი კლიმატური და ადამიანური გამოღვიძება აქვს, ყოველ შაბათს შევიკრიბებით და მრავალფეროვან მაღალხარისხიან რეპერტუარს ვიხილავთ, ჩემი აზრით, შეკრების ადგილებსაც ამით გავაჩენდით, ვგულისხმობ კონცერტებს, ოღონდ არაერთხაზოვანს, არაერთსტილისტიკურსა და ერთი ფორმარტისას, ვგულისხმობ ჭრელს",- განაცხადა ლაშა ნოზაძემ.
მისი თქმით, სანამ მუსიკოსებისთვის ტექნიკურად გამართული და მათს საჭიროებებს მორგებული აკადემია აშენდება, საჭიროა სარეპეტიციო ბაზა, სადაც ხელოვანები შეიკრიბებიან და ერთმანეთში აზრებს გაცვლიან.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, ნოზაძემ ქალაქში უნდა ტარდებოდეს ფესტივალები, რომლებიდანაც ყველა ფენა მიიღებს მატერიალურ სარგებელს. მისი თქმით, ფესტივალისთვის შესაბამისი სივრცეც არსებობს და ეს ცენტრალური პარკია.