"მერიაში არის გაჩერებული პასუხგაუცემელი, ვადადარღვეული 1000-ზე მეტი წერილი"

2021-12-06 11:33:37

"მერიაში არის გაჩერებული პასუხგაუცემელი, ვადადარღვეული 1000-ზე მეტი წერილი",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მუნიციპალური სამსახურებისა და ააიპების ხელმძღვანელებთან ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა.

ლაცაბიძემ სამსახურების ხელმძღვანელებს მისცა მითითება, რომ მერიაში შესულ მოქალაქეების წერილებზე მოხდეს დროული პასუხის გაცემა და რეაგირება.

"გვქონდა სამსახურებისა და ააიპების ხელმძღვანელებთან კვირის მთავარი შეხვედრა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოქალაქეების მიერ შემოტანილ წერილებზე ძალიან სწრაფი რეაგირება და პასუხების დაბრუნება. არის გარკვეული ხარვეზები. არის წერილების რაოდენობა, რომელზეც არაა პასუხები გაცემული და დარღვეულია ვადები.

ვთხოვე ყველა სამსახურს, რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ ეს პრობლემა, დავუბრუნოთ მოქალაქეებს პასუხი. აუცილებელია, რომ მოქალაქეების მხრიდან შემოტანილ ნებისმიერ წერილზე იყოს სწრაფი რეაგირება და მათი პრობლემების მოგვარებაზე სამსახურმა იმ ვადებში იმსჯელოს, რა ვადებიც არის კანონით გათვალისწინებული.

სხვადასხვა საკითზე არსებული წერილებია. ხშირ შემთხვევაში არის საქმის წარმოების დარღვევა, რომელზეც მივეცით მითითებები, რომ საქმის წარმოება უნდა გამოსწორდეს იმგვარად, რომ ჩვენ ელექტრონულად ვნახოთ ამ პროექტების დასრულება. მაგრამ არის ისეთი წერილები, რომელზეც არ არის პასუხი გაცემული ან არის ისეთი პასუხები, რომელზე, ვფიქრობ, მოქალაქისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება. ჩემი მოთხოვნაა, რომ ნებისმიერ წერილს გაეცეს ისეთი პასუხი, რა მოლოდინიც აქვს მოქალაქეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი დადებით კონტექსტში ვერ გადაწყდება, თუმცა უარყოფითად გაცემული პასუხიც არის პასუხი",- განაცხადა რუსთავის მერმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები