რუსთავში ბოლო 3 დღეში კოვიდს 10 პაციენტი ემსხვერპლა

2021-11-29 20:07:26

რუსთავის სამ კოვიდკლინიკაში 27, 28 და 29 ნოემბერს კორონავირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა.

როგორც მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორმა, მანანა კაპანაძემ ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, ბოლო სამი დღის განმავლობაში მათთან ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

მისი თქმით, ორივე მათგანი სხვადასხვა კლინიკიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გარდაცვლილს შორის ერთი ქალია, მეორე კი მამაკაცი. ისინი 49 და 54 წლისები იყვნენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არცერთ მათგან არ ჰქონია გაკეთებული.

ასევე ორი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა რუსთავში, სადაც აცხადებენ, რომ ინფიცირებულებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. პაციენტები 67 და 84 წლის მამაკაცები იყვნენ.

6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში. ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის ცნობით, გარდაცვლილებს შორის 3 ქალი და 3 მამაკაცია. მათი ასაკები 60-დან 80-მდე მერყეობს. პაატიშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთ მათგან არ ყოფილა აცრილი.

პაატიშვილის თქმით, ლეტალობის მომატება წინა კვირებში არსებული მძიმე ეპიდვითარების შედეგია.