რამდენიმე წუთის წინ, პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა ესკორტის თანხლებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შევიდა.
ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, იმყოფება თუ არა პენიტენციური სამსახურის ავტომობილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესკორტის თანხლებით გორიდან თბილისისკენ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.
ამ ეტაპზე სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მოქალაქეებს უშვებენ.
სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.