რუსთავის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასები ეზრდებათ

2020-11-28 13:43:23

რუსთავის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასები ეზრდებათ. ხელფასების ზრდა 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

დოკუმენტის თანახმად, ანაზღაურება გაეზრდებათ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს, როგორც დაბალი, ისე მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათ შორის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე, მათ მოადგილეებს.

2022 წლიდან მერის ხელფასი თვეში 5500 ლარი იქნება, მის პირველ მოადგილეს 4400 ლარი, ხოლო დანარჩენ ორ მოადგილეს 3850 ლარი ექნებათ.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერს 10 წარმომადგენელი ჰყავს, მათი ხელფასი თვეში 2000 იქნება, მერის აპარატის უფროსისა და სამსახურის ხელმძღვანელების ხელფასი 2900 ლარი. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თვიური ანაზღაურება 2500 ლარით განისაზღვრა, ხოლო განყოფილების უფროსს 2300 ლარი ექნება ხელფასი. მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარი, მუნიციპალური ინსპექციის 2900, ხოლო მისი მოადგილის 2500 ლარი იქნება. ხელფასები პროპორციულად გაეზარდა ყველა კატეგორიის უმცროს და უფროს სპეციალისტს.

მერიაში 9 სამსახური და 27 განყოფილებაა სადაც ჯამში სულ 277 ადამიანია დასაქმებული, ხელფასები 900 ლარიდან იწყება.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარით, ხოლო მისი პირველი მოადგილის 3950 ლარით განისაზღვრა. დანარჩენ ორ მოადგილეს თვიური ანაზღაურება 3750 ლარი ექნება.

საკრებულოს ეყოლება 5 კომისია, კომისიის თავმჯდომარის ხელფასი იქნება 2750 ლარი. წარმომადგენლობით ორგანოში ასევე იქნება 3 ფრაქცია, ფრაქციის თავმჯდომარეს ექნება 2600 ლარი ხელფასი. 3-ვე ფრაქციის თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, ჯამში ეყოლება 11 მოადგილე, მათი თვიური ანაზღაურება 1980 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ხელფასი შეადგენს 2900 ლარს. საკრებულოში არის 6 განყოფილება, განყოფილების ხელმძღვანელის ხელფასი კი 2300 ლარი იქნება.

საკრებულოში სულ 34 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მინიმალური ხელფასი 800 ლარია.

ანაზღაურება გაეზრდებათ მერიის ააიპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში ხელფასების მატება მოხდება 2022 წლიდან.