საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეგულაციები წესდება

2021-11-27 22:02:48

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი" შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.