მწვანე პასპორტის ამოქმედება ტრანსპორტშიც იგეგმება

2021-11-27 18:26:49

მწვანე პასპორტების მოქმედება პირველ ეტაპზე არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სავაჭრო მოლებს, სადაც მოქალაქეთა მობილობა საკმაოდ მაღალია, თუმცა როგორც იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუბეგოვი, "რუსთავი 2-თან" ამბობს, მეორე ეტაპზე ე.წ მწვანე პასპორტების მოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გავრცელდება.

"მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება"-აცხადებს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მწვანე პასპორტები სხვადასხვა დაწესებულებებში 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

ადგილები რომელზე წვდომისთვისაც საჭიროა მწვანე სტატუსის ქონა: რესტორნები, კაფეები, ბარები,  - ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები, სამთო კურორტების საბაგირო გზები;

მწვანე სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც: აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით; წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს; გადაიტანა კოვიდინფექცია.