პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

2021-11-24 17:58:21

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 32 წლის უკრაინის მოქალაქე, ეგორ გრეგორენკოა. ის საქართველოში ზაფხულში დააკავეს და სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე იხდიდა.

რა არის გარდაცვალების მიზეზი, ადვოკატმა ჯერ ზუსტად არ იცის. თუმცა, ჯაბა კოჭლამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ეს, შეიძლება, სხვა პატიმრების მხრიდან თავდასხმა იყოს.

მისივე თქმით, გრეგორენკოს სტკიოდა თავი და სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა, მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ჯაბა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ გრეგორენკოს განაჩენი 10 ნოემბერს გამოუტანეს, ის დანაშაულს აღიარებდა და სხვა დაწესებულებაში გადაყვანას ელოდებოდა.

მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურეობრივ გულგრილობას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.