მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა

2021-11-19 21:21:47

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე, ნიკა გვარამიამ წაიკითხა სააკაშვილის წერილი ციხიდან.

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო! მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისათვის და ჰუმანურობისთვის.

მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს არ გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

აქვე მინდა, ბოდიში მოგიხადოთ მინდა უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქების გამო. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშებს.

დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.

უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფაქრგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს.

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყნებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.

განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე, უკრაინის სახალხო დამცველს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხის.

დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს, მადლობა ყველას, ყველას, ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს.

პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას, დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე, ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას", - წერს სააკაშვილი.