რუსთავში, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან ხმაური იყო.
სამედიცინო დაწესებულებასთან შეკრებილები იყვნენ ორგანიზაცია "პაციენტის უფლებებისთვის" დამფუძნებელი დეა ადამია და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრები, რომელთა განცხადებითაც, კოვიდკლინიკაში მყოფ ინფიცირებულებს მედპერსონალი სათანადო ყურადღებას არ აქცევს, არ უწევს სამედიცინო დახმარებას, რის გამოც ოჯახის წევრებს პაციენტების სხვა კლინიკაში გადაყვანა სურთ.
გარდა ამისა, მათი თქმით, ვერ ახერხებენ ვერც ინფიცირებულებთან კომუნიკაციას და ვერც მედპერსონალთან, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
"დღეს დამირეკა დედამ და მითხრა, რომ მარტოები არიან, არავინ არ მიდის, ტუალეტშიც ვერ გადიან, მამას ჟანგბადი არ ჰყოფნის, ჰაერი მოდის ცარიელი, ჟანგბადი არაა. მოვედი ამ ამბების შემდეგ კლინიკაში, დამხვდა განყოფილების გამგე, დედას ყელზე აქვს პრობლემა და ხველაზე აძლევს სპაზმს, ვკითხე ექიმებს თუ ჩემგან რამე იყო საჭირო, მითხრეს, რაღაცა აეროზოლი მომიტანეთო, მთელი ღამე ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ, შემცველიც არ უნდოდათ. მერე ექიმს რომ ვუთხარით, გვკითხა, რატომ გაძებნინებდნენ მაგ წამლით კარადა გვაქვს სავსეო.
ექიმმა მითხრა მეც შოკში ვარო და დღეიდან ყველაფერი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. მაგრამ ეს ისეთი დაავადებაო, როდის დამძიმდებაო ჩვენ არ ვიცითო, თან მოიხსნა პასუხისმგებლობა, რამე რომ დამართოდათ. არც დედას და მამას არ ჭირდა სასიკვდილო არაფერი. ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა მესამე დღეს გაუკეთეს კატე და მეორე თუ მესამე დღის დასაწყისში გაგვაგებინეს პასუხი.
დღეს ამ ამბების შემდეგ შევედი და ვნახე ჩემი მშობლები. დედა დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ ჰყავთ, რომ არ მესაუბროს და არ იყვიროს ბევრი და ამაზე რეაქცია არ მქონდეს. მამასაც გონება დაბინდული ჰქონდა, ჯერ ვერ მიცნო, მერე მიცნო, ეგეთ მდგომარეობაში მე არ შემომიყვანია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ქალმა, რომლის დედაც და მამაც კოვიდინფიცირებულია და კლინიკაში წევს.
სამედიცინო დაწესებულებასთან იმყოფებოდნენ ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებიც, რომელთა თქმითაც, 5 დღის წინ შეყვანილი ინფიცირებული ქალის გარდაცვალების შესახებ დილის საათებში შეატყობინეს. ოჯახის წევრები კლინიკაში გვამის სახლში გადასვენების მიზნით მივიდნენ, თუმცა გარდაცვლილის ნახვას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მას შემდეგ კი რაც ნახეს, ამბობენ, რომ ქალი დილის საათებში გარდაცვლილს არ ჰგავდა, რადგან გვამი ისევ თბილი იყო და სისხლი სდიოდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ესაუბრა მარდალეიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელს, გიორგი გიორგაძესაც, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა ინფიცირებულების ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ, აირჩიონ სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და პაციენტები იქ გადაიყვანონ.