დაკონსერვდება თუ არა რუსთავი-თბილისის ავტობანის პროექტი

2020-10-16 19:07:24

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, უფრო კონკრეტულად, ფონიჭალის მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოების დაკონსერვება არ იგეგმება.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ჯერჯერობით, დაგეგმილი არ არის პროექტთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.

"ამ პროექტთან დაკავშირებით არაფერი არ შეცვლილა, არაფერი სხვა არ იგეგმება, გარდა იმისა, განახლდეს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ გაგრძელდეს პროექტი. თუ რაიმე დაიგეგმება, ღონისძიება იქნება მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, რადგან პროექტი შეჩერებულია და იქ ვინმემ რაიმე ზიანი არ მიიღოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი მორჩა და დამთავრდა. რაღაცებს რომ თხრი, ასე ხომ არ დატოვებ, სანამ სამუშაოები განახლდება. ყველანაირად ეცდება სამინისტრო, რომ მივიდეს მოლაპარაკებები იმ შედეგამდე, რომ განახლდეს სამუშაოები", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე განხორციელებული სამუშაოები დაკონსერვდებოდა.