ცესკოს მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. მათივე ინფორმაციით, საკრებულოში 3 პარტია შედის - “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება“ და “გახარია საქართველოსთვის“
“ქართულმა ოცნებამ“ 35-წევრიან რუსთავის საკრებულოში 15 წევრის შეყვანა შეძლო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 16 წევრი შეიყვანა, ხოლო “გახარია საქართველოსთვის” 3 წევრი ეყოლება. ცესკოს მონაცემებით, საკრებულოში 1 ვაკანტური ადგილია.
პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.
როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.
გახარიას თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს.
„ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება. მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ამ ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატს“, - განაცხადა გახარიამ.
ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდებიან თუ არა გახარიას შეთავაზებას ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.