"სწორედ იმიტომ, რომ იმედგადაწურული და ხელჩაქნეული ხარ, მოდი არჩევნებზე და აჩვენე, რომ ამის გადალახვა შეგიძლია", - ასე მიმართავს ამომრჩეველს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნინო იმედაშვილი.
მან "ინფო რუსთავთან" გამარჯვების შემთხვევაში არსებულ გეგმებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება 2 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ამომრჩევლის მაღალი აქტივობითაა შესაძლებელი.
"ლელო გეგმავს რუსთავის ბიუჯეტი გადაანაწილოს სამართლიანად. თითოეული თეთრი დავითვალეთ, რა ხარჯები აქვს დღეს ქალაქის ბიუჯეტს და საკმაოდ უსამართლოდაა გადანაწილებული. რიგითობით მესამეა ბიუროკრატიული ხარჯი. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუროკრატიული ხარჯისა და სხვადასხვა დუბლირებული პროგრამის განახევრებას. ყოველთვის კვლევებს ეფუძნება ჩემი საჯარო განცხადებები, მე წავიკითხე აუდიტის დასკვნა, სადაც წერია, რომ აიიპ-ები და მერიის სამსახურები ერთიდაიგივე საქმეს აკეთებენ, დუბლირებული ფუნქციებია, ეს არ შეიძლება ასე იყოს.
სულ რომ არ გაიზარდოს რუსთავის ბიუჯეტი, დღესვე შეგვიძლია, რომ გამოვათავისუფლოთ 6 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მივმართოთ უფრო მეტი ადამიანის დასახმარებლად.
ყოველი მეათე ადამიანი რუსთავში არის რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, უმუშევარია და ითხოვს დახმარებას. ამ ადამიანებს რომ 50 ლარით გაეზარდოთ დახმარება, ეს არის შესაძლებელი დღესვე. ამას არ აკეთებს "ქართული ოცნება" და გავაკეთებთ ჩვენ. 50 ლარით მეტ დახმარებას აიღებენ ომის ვეტერანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები. ეს პირველ წელს, ხოლო მეორე წელს უკვე სოციალურად დაუცველებისთვისაც იქნება შესაძლებელი თანხის ამ ოდენობით დახმარების გაზრდა.
1 000 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა 2 250 ლარის ფარგლებში.
ძალიან კარგად ვიცნობ იმ პროექტს, რა პროექტითაც ამ მიმართულებით "ქართული ოცნება" დღეს ამაყობს. საუბარია 400-მდე სტუდენტზე, რომელსაც დაუფინანსეს 1 200 ლარის ფარგლებში სწავლა. აქ კი საუბარია 1 000 სტიდენტზე, რომელთაც 2250 ლარის ოდენობით დავაფინანსებთ, ანუ გაცილებით დიდ მასშტაბზე მივდივართ.
ჩვენ სტუდენტებისთვის მხოლოდ განათლების დაფინანსების კუთხით არ მოვდივართ, პირველ სამსახურსაც საკრებულო შესთავაზებს მათ. ანაზღაურებად სტაჟირებაზეა საუბარი და ასევე ბიზნესს ვეუბნებით, რომ თუ თქვენ სტუდენტებს დაასაქმებთ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებთ.
ასევე, მესამე ჩვენი ძალიან ძლიერი მიმართულება, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხება, ეს არის საბავშვო ბაღები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ფული ჩაიდო, გარემონტდა, ზოგი ახალი აშენდა, მაინც ვერ გადიან ავტორიზაციას, რადგან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ასევე, მაინც ბევრი პატარა საბავშვო ბაღს მიღმა რჩება და ჩვენ ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს ვეუბნებით, რომ გარეთ დარჩენილები არ დარჩებით ისე, ანუ ადგილობრივი ხელისუფლება თქვენ გარკვეულწილად დაგეხმარებათ, საუბარია 1000 ლარამდე დახმარებაზე წლის განმავლობაში, რომ თქვენ სხვა გამოსავალი მოუძებნოთ ამ ბავშვებს.
"ქართული ოცნება" რუსთავში დამარცხებულია, მაგრამ რამ შეიძლება გადაარჩინოს ის, ხომ? ერთადერთი გადაარჩენს იმედჩაქნეული ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება, ანუ დაბალი აქტივობა და მე ვეუბნები ყველას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. სწორედ იმიტომ, რომ იმედგადაწურული და ხელჩაქნეული ხარ, აუცილებელია არჩევნებზე მოსვლა იმისთვის, რომ არჩევნების დღეს შენ აჩვენო, ამის გადალახვა შეგიძლია.
დღეს არჩევანი მარტივი გასაკეთებელია იმიტომ, რომ შენ არჩევანს აკეთებ სამართლიანობასა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებასა და მონობას შორის, დოვლათის სამართლიან გადანაწილებასა და ჩინოვნიკების ნათესავების დასაქმებას შორის. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გაკეთდება ეს არჩევანი.
რა იქნება 3 ოქტომბერს? 3 ოქტომბერს იქნება კოალიციური მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიები ურთიერთკონტორლის და კონკურენციის საფუძველზე მართავენ", - აცხადებს ნინო იმედაშვილი.