2020-09-26 18:08:46
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #30-ში (ძველი ქიმიკოსთა კულტურის სახლი) სახელოვნებო ცენტრი "ბრავო" გაიხსნა.
ცენტრის მენეჯერის, გეგი ლიპარტელიანის განცხადებით, "ბრავო" რვა სახელოვნებო სტუდიას ერთ სივრცეში აერთიანებს.
"გაიხსნა ბრავო, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ სივრცეში იხსნება 8 სახელოვნებო სტუდია. ესენია ბალეტის, სამხატვრო, ქართული-ხალხური და სამეჯლისო სპორტული ცეკვების, თეატრალური, მხატვრული ტანვარჯიშისა და ჰიპ-ჰოპის სტუდიები. უფროსებისთვის უკვე გვაქვს იოგა რუსთავში, რაც ვფიქრობ, ძალიან დაეხმარებათ რუსთაველებს, რომ ფიზიკურად აქტიურები იყვნენ.
ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი იყო, რომ ამ სტუდიებს შორის შემდგარიყო კოლაბორაცია და ერთობლივი პროდუქტები შექმნილიყო. დღეიდან იწყება ამაზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თეატრალურ სტუდიაში დასადგმელ სპექტაკლში სცენოგრაფები, კოსტიუმების მხატვრები და დიზაინერები იქნებიან სამხატვრო სტუდიის მოსწავლეები, ქორეოგრაფიას გააკეთებენ სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტუდიებიდან ბავშვები, რაც ყველას ერთად მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ არამხოლოდ მიიღონ რაღაც კონკრეტული ცოდნა, არამედ რეალიზდნენ ადგილზევე და გამოიყენონ ის, რაც ისწავლეს. იმის გარდა, რომ ექნებათ რაღაც წარმოდგენა ხელოვნებაზე და ეცოდინებათ კონკრეტული პროფესია, გარდა ამისა, გამოუმუშავდებათ მენეჯერული უნარები, გუნდური მუშაობის უნარები და ა.შ.
ასეთი სახელოვნებო გაერთიანება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველია, თანაც არამხოლოდ რუსთავში.
ეს არის დასაწყისი იმის, რის გაგრძელებასაც ვაპირებთ და სამომავალწლოდ რუსთაველებს აქვე შევთავაზებთ ედუცენტრს, სადაც სხვა განათლების შესაძლებლობები იქნება და საკვირაო სკოლას. შორეულ პერსპექტივაში უკვე მუსიკის მიმართულებითაც გადავდგამთ ნაბიჯებს", - განაცხადა გეგი ლიპარტელიანმა.