"საქართველოსთვის" მერობის კანდიდატის შეხვედრა ახალგაზრდებთან [photo]

2021-09-13 19:02:25

პარტია "საქართველოსთვის" რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი ახალგაზდებს შეხვდა.

შეხვედრა რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში გაიმართა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებია.

"პარტია საქართველოსთვის ყოველდღიურად ახორციელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან, ჩვენ დღეიდან დავიწყეთ თემატური შეხვედრები რუსთაველებთან და ამ თემატური შეხვედრების სერიებს ვხსნით ახალგაზრდებით. რუსთავის მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოდგენილია ახალგაზრდების სახით, რომლებსაც აინტერესებთ, სურთ და აქვთ უნარი ,ასევე კომპეტენციები, იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და თვითონ მიიღონ მონაწილეობა ქალაქის განვითარების პროცესში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან შევდივართ კომუნიკაციაში იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი უშუალო საჭიროებები, როგორ თვლიან ისინი, როგორი უნდა იყოს რუსთავი მომდევნო 4-5 წლის შემდეგ, რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქალაქში დგას. დაგეგმილი გვაქვს თვის მეორე ნახევარში ქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია რუსთაველებისთვის, რა თქმა უნდა, ამ საკითხებს ყველაფერს მოვიცავთ. პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებია", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.