რუსთავში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასრულების ფაზაშია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ადგილზე დაათვალიერეს ორ ახალ რეკრეაციულ სივრცეში-ახალგაზრდობის და თეატრის სკვერებში მიმდინარე სამუშაოები.
მხარის რწმუნებულთან და ქალაქის მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილიც გაეცნენ.
რეკრეაციული სივრცეები, რომელიც ჯამში 6 ჰექტარამდე მიწის ფართობს მოიცავს, სექტემბრის ბოლომდე სრულად მოეწყობა და ახალი თანამედროვე დასასვენებელი ადგილი იქნება რუსთაველებისთვის.
ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ 328 011 ლარია. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რუსთავში საბავშვო ბაღების შიდა ეზოების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები 6 ლოკაციაზე: #17, #18, #20, #21, #31 და #43 საბავშვო ბაღების ეზოებში ხორციელდება.
პროექტი გარე საკანალიზაციო ქსელის, ბორდიურებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 648,438 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში 56 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასრულდება, რისთვისაც ცენტრალური და ქალაქის ბიუჯეტიდან 24 038 649 ლარია გათვალისწინებული.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.