ხმაური და ფოიერვერკის გამოყენება ისჯება

2017-08-09 22:26:40

ხმაურზე სანქციები დაწესდა. კანონპროექტის ავტორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძეა. მოქალაქეს, რომელსაც ხმაური შეაწუხებს, შეძლებათ პატრული გამოძახონ, ე.წ „ხმაურმზომით“ დაადგენენ აღემატება თუ არა ხმაური ნორმას და დაეკისრება თუ არა სანქცია სამართალდამრღვევს.

თუ ხმაური დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის სათავსებში აღწევს და მისი დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, პირის გაფრთხილებას გამოიწვევს, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მომდევნოდ სამართალდარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური პირის ჯარიმა 300 ლარით, იურიდიული პირისა კი 1000 ლარით განისაზღვრება.

დადგენილი წესებით საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30 დეციბალს. სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია. სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში კი ხმაურის 40 დეციბალზე მეტი გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40 დეციბალი. მაღალსართულიანი კორპუსების მიმდებარედ ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია.

კანონპროექტის შემუშავების მიზეზი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, რომლებსაც ხმაური მათ საცხოვრებელ სათავსებში აწუხებთ და რომელთა პრობლემების მოგვარების სამართლებრივ ბერკეტს დღემდე საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ხმაური დაავადებათა წყაროც შეიძლება გახდეს, მაგ: 100 დეციბელზე მაღალი ინტენსივობის ხმაური სმენის დაქვეითებას  სრულ სიყრუემდე იწვევს.

კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და მისი ამოქმედება 15 აგვისტოდან დაიწყება. აღსანიშნავია რომ ხმაურის შესახებ კანონი პიროტეკნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურზეც გავრცელდება. კერძოდ, ფოიერვერკის გამოყენება მხოლოდ თვითმმართველობის ნებართვით დღესასწაულებსა და ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებზე იქნება ნებადართული. აღნიშნული პუნქტი პროექტს განხილვის პროცესში დაემატა.