"დაემატება საზაფხულო ბაღის სერვისი"

2021-09-01 11:08:12

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავში საზაფხულო ბაგა-ბაღის სერვისი ამოქმედდება.

ამის შესახებ ლაცაბიძემ წინასაარჩევნო პროგრამის მე-2 ნაწილის წარდგენაზე განაცხადა.

"ჩვენ ვფიქრობთ ახალი სერვისების დამატებას და ერთ-ერთი იქნება საზაფხულო ბაღი. ძალიან ბევრ ადამიანს ვერ გაყავს ბავშვი ზაფხულის პერიოდში, ეს არის აპრობირებული თბილისში, ძალიან კარგად მუშაობს და ვფიქრობთ, რომ გარკვეული უბნების მიხედვით, შესაძლებელი იქნება ზაფხულის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუკი ოჯახი ვერ გაიყვანს ბავშვს ქალაქიდან, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ატაროს ისევ ბაღში და ეს იქნება მორგებული საზაფხულო განათლებაზე, რაც ძალიან კარგი იქნება ოჯახებისთვის", - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

პრეზენტაციის ფარგლებში ლაცაბიძემ რუსთავში ჯანდაცვის, სოციალური, განათლებისა და კულტურის სფეროების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, გარდა საზაფხულო სერვისის ამოქმედებისა, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ლაცაბიძის გამარჯვების შემთხვევაში:

ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გაგრძელდება ხელფასების ზრდის პოლიტიკა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ამოქმედდება საზაფხულო ბაღები.

აღსაზრდელების სწორი ფიზიკური განვითარების მიზნით სასწავლო პროგრამას დაემატება ტანვარჯიშის გაკვეთილები, რისთვისაც მოხდება პედაგოგების გადამზადება.

სასწავლო პროცესის დახვეწასა და განვითარებაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები.  2022 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგები გადამზადდებიან თანამედროვე ტრენინგ-მოდულის მიხედვით. მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ბაღში დამატებითი მეთოდისტის შტატის დაშვებას უზრუნველყოფს.

ამოქმედდება სისტემა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ე.წ. ბავშვის განვითარების ისტორიის შექმნას გულისხმობს.