საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია

2021-07-29 15:10:35

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რამდენი პედაგოგია ამ ეტაპზე აცრილი რუსთავში. კომენტარისთვის რუსთავის რესურსცენტრს დავუკავშირდით სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დამუშავებული არ არის, შესაბამისად უცნობია რამდენი მასწავლებელია ქალაქის მასშტაბით აცრილი.

„პანდემიის პირობებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა, ამიტომ აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ყველა რგოლი ჩაერთოს. ამით თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ პანდემიის სწრაფად დასრულებას“,- აცხადებს დგებუაძე.

სამინისტროს ცნობით, განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.