უცნობია ჩანაცვლდება თუ არა ძველი ატრაქციონები ახლით

2021-08-24 17:49:52

რუსთავში, რამდენიმე მისამართზე ამორტიზებული საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა.

21-ე მიკრორაიონში ადგილობრივებმა ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ატრაქციონების დემონტაჟი ცოტახნის წინ მოხდა, თუმცა მათთვის უცნობია როდის დაიწყება განახლების პროცესი.

პატარები დაახლოებით 2 კვირაა ახალი საბავშვო სივრცის მოლოდინში არიან.

ინფო რუსთავი დაინტერესდა, როდის განახლდება ან მოეწყობა თუ არა ბავშვთა გასართობი კუთხეები იმ ლოკაციებზე,სადაც ამორტიზებული ატრაქციონების დემონტაჟი განხორციელდა.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის რუსთავის მერიას დავუკავშირდით.

ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის მასშტაბით, საბავშვო ატრაქციონების განახლების პროცესი დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, თუ ატრაქციონი იმდენად დაზიანებულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, მისი დემონტაჟი მოხდება, მის ადგილზე კი ახალი საბავშვო სივრცე მოეწყობა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 4 ლოკაციაზე ახალი ტრენაჟორები უკვე დამონტაჟდა, ასევე ნაწილობროვ შეკეთდა საბავშვო ინვენტარიც. ზაზა ზაზაძე განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამორტიზებულ, ძველ საბავშვო ატრაქციონებს ახლით უახლოეს პერიოდში ჩაანაცვლებს.