რა პირობას უყენებს "ქართული ოცნება" ოპოზიციას

2021-07-28 14:38:29

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარემ პარტიის ლიდერებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა.

ირაკლი კობახიძის თქმით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დაინიშნება ოღონდ გარკვეული პირობით.

"რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის," - ირაკლი კობახიძე.