პროტესტი სხდომათა დარბაზში

2021-07-18 14:00:01

პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სხდომაზე ორწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ მისალმება და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილის გამოთქმა მოასწრო.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა პარლამენტში პროტესტის ნიშნად ბანერები გაშალეს წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა".

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.