სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისის თვეში რუსთავში 4 ობიექტი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სურსათის მაღაზიებია, რომელთაც 100-დან 500 ლარამდე ოდენობის ფულადი სანქცია დაუწესდათ.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტების ნაწილი ფორმა ორის არ არსებობის, ნაწილი კი სასურსათო მაღაზიებში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება ივნისის თვეში 72 -მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 11 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის 12 ნიმუშის აღება მოხდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.