უცხოურ ენაში 2021 წლის აბიტურიენტთა გამოცდის პირველი დღე სრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 10-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა და იყო სხვის მიერ გამოცდის ჩაბარების მცდელობაც.
“6 ივლისს აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ.
დღევანდელ სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. გამოვლინდა ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა, შესაბამისად მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.
დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღეს არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. ისინი გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ”, - განმარტავს გამოცდების ცენტრი.
ხვალ აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.