რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მე-40 კორპუსის ლიფტს, რომელიც რამდენიმე კვირაა გაფუჭებულია, შეაკეთებენ.
მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე მივიდა.
მისი თქმით, ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ გაუმართავი და სარეაბილიტაციო ლიფტებია.
ლაცაბიძის განცხადებით, მთავრობასთან ერთად მუშაობს, რათა მოხდეს კონკრეტული გეგმისა და ხედვის შემუშავება, რომ რუსთავში ლიფტების პრობლემა გადაიჭრას.
"რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხო ლიფტები და ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის რაც შეიძლება მალე დაწყება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რამდენიმე მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები ლიფტში გაიჭედნენ და შესაბამისი სამსახურების ჩარევაც გახდა საჭირო. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ამ პროცესს დავიწყებდით. პირველად მუნიციპალიტეტმა ჩადო ნახევარი მილიონი იმისთვის, რომ დაწყებულიყო ლიფტების რეაბილიტაცია, რისი შესაძლებლობაც იქნებოდა. თუმცა ეს არ არის საკმარისი, მუნიციპალური ბიუჯეტი ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს 1200-მდე ლიფტის სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ გვინდა ქალაქში გვქონდეს ისეთი ლიფტები, რომლებიც ასაკოვანი ადამიანებისთვისა და ჩვენი შვილებისთვის იქნება უსაფრთხო. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ სახელმწიფოს ჩართულობით წარმოვადგინოთ ზუსტი გეგმა როგორ შეიძლება თითოეული ლიფტი გახდეს უსაფრთხო.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი რეაბილიტაციას ჩაუტარებს იმ ლიფტებს, რომლებიც არის გაჩერებული. თუმცა რუსთავში ლიფტების უმეტესობა საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაციას"- განუცხადა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავს".
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში, ქალაქის მასშტაბით ლიფტში გაჭედვების რამდენიმე შემთხვევა იყო, რა დროსაც ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად სამაშველო-სამსახურის გამოძახებაც გახდა საჭირო. მოსახლეობა "ინფო რუსთავთან" საუბრობდა, რომ ლიფტები სავალალო მდგომარეობაშია.