კრწანისში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ქვემო ქართლიდანაა [video]

2021-06-14 00:03:31

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

გარდაცვლილი 32 წლის ნიკოლოზ მჭედლიშვილია, რომელიც სოფელ მარტყოფიდანაა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი პირადი საქმისთვის თბილისში იმყოფებოდა, რა დროსაც მას სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიყენებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ერთდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში, კრწანისის დასახლებაში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 4 პირი.

დატვირთული სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომელიც დაღმართზე გადაადგილდებოდა, მუხრუჭი ვეღარ დაიმორჩილა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში გადავარდა.