"მომცენ ჩემი მოგებული 300 000 ლარი" [video]

2021-06-09 00:02:33

"მოვიგე ჯეკპოტი. ვითხოვ, მომცენ ჩემი მოგებული 300 000 ლარი",- აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბრისას ელშან ბაირამოვი, რომლის თქმითაც, 27 აპრილს რუსთავში მე-12 მიკრორაიონში მდებარე სლოტ კლუბ "777" თამაშის დროს ჯეკპოტი 300 000 ლარი მოიგო, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების დახმარებით მოგება გაუნულეს და სლოტ კლუბიდან გამოაგდეს. [ვიდეო/video]

ბაირამოვის თქმით, თანხის მოგების შემდეგ სლოტ კლუბში განუცხადეს, რომ ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა და ჯეკპოტი არ მოუგია. ბაირამოვი მოგებული თანხის დაბრუნებას სასამართლო გზით აპირებს. მისი უფლებადამცველის, თამილა ქუთათელაძის განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ელშან ბაირამოვმა ჯეკპოტი ნამდვილად მოიგო.

"დავა დავიწყეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პიროვნებამ მოიგო ჯეკპოტი, რის შემდეგაც თანხა მის ანგარიშზე გადმოვიდა. ეს გაიგო დაცვამ, რომ ადამიანს გაუხარდა და წამოხტა. მივარდნენ ამ აპარატს და ტექნიკოსის დახმარებით გაანულეს მოგება.

გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ტექნიკოსი 25 წუთის განმავლობაში ცდილობს წაშალოს მონაცემები, რომელიც იყო ელშან ბაირამოვის სათამაშო აპარატზე. როცა ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობ წაშალო მონაცემები და მონიტორიდან გააქრო, ეს ტექნიკური შეცდომა კი არა, დანაშაულია",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თამილა ქუთათელაძემ.

ქუთათელაძის თქმით, არსებობს კიდევ ერთი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ სათამაშო აპარატს უღებდა და სწორედ ამ ჩანაწერებით შეძლებენ სიმართლის დადგენას. თუმცა კამერის ჩანაწერები არ არის ამოღებული, რაც უჩენს ეჭვს, რომ ჩანაწერები სლოტ კლუბის წარმომადგენლებმა წაშალეს.

სლოტ კლუბში მისულ "ინფო რუსთავის" გადამღებ ჯგუფს დაწესებულების მენეჯერმა განუცხადა, რომ ადგილი არც ტექნიკურ შეცდომას და არც ჯეკპოტის მოგებას არ ჰქონია და ელშან ბაირამოვი ცრუობს. დამატებით დეტალებზე კი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ბაირამოვის ადვოკატის განცხადებით, თუკი გამოძიება ვერ დაადგენს, რომ მამაკაცმა ჯეკპოტი მოიგო და სლოტ კლუბი მას მოგებულ თანხას არ აუნაზღაურებს, გარდაბნის მოსახლეობა დიდ საპროტესტო აქციას გამართავს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები