ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
როგორც "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
ჯანდაცვის სამინისტროში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ აქედან 2 ექიმს სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა ქვემო ქართლში, 3-ს კი რეგიონში წერილობითი გაფრთხილება მიეცა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტები, თუმცა ამბობენ, რომ ექიმები, რომელთაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, არ არიან დასაქმებულები რუსთავში.
"სულ 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.
პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრო