ფიქსირება თუ არა რუსთავში შხამიან გველზე გამოძახება

2021-06-02 00:49:00

რუსთავში, მაისი თვეში, გველებთან დაკავშირებით ჯანდაცვის ცენტრის ცხელ ხაზზე 18 შეტყობინება შევიდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ.

ბეგაშვილის თქმით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ამ წლის მაისში ნაკლები გამოძახება დაფიქსირდა.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, რომლებშიც ფიქსირდება ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის.

"პარკში მუდმივად ხდება ბალახის საფარის დამუშავება დადაბლების მიზნით. ჩვენი სპეციალისტების მიერ 2 კვირაში ერთხელ ასევე ხდება პარკის ტერიტორიაზე გველების ამოკრეფა. ეს არის ენდემური ზონა ქვეწარმავლებისთვის, საბედნიეროდ, ამ ტერიტორიაზე შხამიანი გველი ამდენი წელია არ შეგვხვედრია. ფრთხილად უნდა იყვნენ დამსვენებლები და თავი მოარიდონ მაღალ ბალახში გადასვლას",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით ბეგაშვილმა.

მოსახლეობას, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 341 24 10 44/ 24 28 16. ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები