რუსთავში გამოფენა "უცნობი ბილიკი" მოეწყო [photo]

2021-05-28 20:39:03

რუსთავში, თეატრის წინ არსებულ სკვერში რუსთაველი მუსიკოსისა და თვითნასწავლი მხატვრის, ია გოგოლაძის გამოფენა მოეწყო.

ღონისძიება რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და ღია სივრცეში პანდემიის თემატიკაზე შექმნილი 40-მდე ნამუშევარი გამოეფინა.

"თბილისში ჩატარდა ია გოგოლაძის ნამუშევრების გამოფენა და იმავე დღეს გაგვიჩნდა სურვილი, რომ რუსთაველებისთვისაც გაგვეცნო ეს აქტიური ქალბატონი. პროფესიით პიანისტია, ის არ არის პროფესიონალი მხატვარი და პანდემიისას დაიწყო ხატვა. 30-35 ნამუშევარია გამოტანილი. არის როგორც ფერწერული ტილოები, ისე ხელნაკეთი ნივთებიც", - განაცხადა საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა თეა ჟვანიამ.

როგორც ია გოგოლაძემ აღნიშნა, მის გამოფენას "უცნობი ბილიკი" უწოდა.

"გამოფენას უცნობი ბილიკი ქვია იმიტომ, რომ ეს ჩემთვის უცნობი სამყაროა, მე არ ვარ მხატვარი, მე ვარ პიანისტი და ბილიკი იმიტომ, რომ ახლა დავიწყე და ჯერ არ ვარ გზაზე შესული. ამ ყველაფრის აზრი არის ის, რომ პანდემია ვერ შეძლებს ჩვენში სილამაზე, სულიერება, ხელოვნება და სხვა ნიჭები ჩაახშოს, ანუ ჩვენ გავიმარჯვებთ პანდემიაზე", - განაცხადა გამოფენის ავტორმა. 

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.