პანდემიური "ბოლო ზარი" რუსთავში [video]

2021-05-21 23:23:26

რუსთავის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის "ბოლო ზარი" დაირეკა. [ვიდეო/video]

კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი, კოვიდ რეგულაციების გამო, ღია სივრცეში - სკოლის ეზოებში გაიმართა. მეთორმეტე კლასელთა დიდი ნაწილი ამ დღეს ტრადიციული ღონისძიებების გარეშე შეხვდა.

მოსწავლეები ამბობენ, რომ  გამოსაშვები საღამოს და ბოლო ზარის ჩატარებას სასკოლო დარბაზებში გეგმავდნენ, აღნიშვნასაც ქალაქგარეთ გასვლით, ან სარესტორნო სივრცეებში აპირებდნენ, თუმცა პანდემიის და დაწესებული რეგულაციების გამო, სიმბოლურად მხოლოდ თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერების გაკეთება მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა სიმრავლე შეინიშნებოდა რუსთავის ცენტრალურ პარკში. მეთორმეტე კლასელების თქმით, ვინაიდან ქალაქის დატოვების საშუალება არ მიეცათ, მნიშვნელოვანი დღე მხოლოდდამხოლოდ პარკში გასეირნებითა და ფოტოების გადაღებით აღნიშნეს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებს „ბოლო ზარების“ ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაევალათ.

რეკომენდაციების თანახმად, „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი იყო მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით, სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯგუფური გასვლითი აქტივობები, ექსკურსიები და ბანკეტები მიზანშეწონილად მიჩნეული არ იქნა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები