ქორწინების ბეჭედი ერთ-ერთია, რაც პანდემიის დროს ყველაზე მეტად გაძვირდა. ამას მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, ბაჯაღლოს ბეჭედი იმ 10 პროდუქტს შორის მოხვდა, რომელთა ღირებულებაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მეტად გაიზარდა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რამდენი ლარი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ქორწინების ბეჭდი რუსთავში შეიძინოთ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში არსებული ე.წ. ოქროს ბირჟის ვიტრინებში ამ ეტაპზე უმაღლესი ხარიხის, ბაჯაღლოს ტრადიციული რგოლები წარმოდგენილი არ არის, თუმცა როგორც სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ განთავსებულ ოქროს მაღაზიებში აცხადებენ, ბეჭდების დამზადება წინასწარი შეკვეთით ხდება.
ძვირფასი ლითონის ნაკეთობებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 210 ლარია. გამომდინარე აქედან, თუ სტანდარტული ზომით ვიმსჯელებთ, 10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ყიდვა 2 100 ლარი დაგიჯდებათ.
მოვაჭრეების თქმით, პანდემიამდე, 10 გრამიანი ბაჯაღლოს ყიდვას დაახლოებით 1 000 ლარად შეძლებდით და გამორიცხული არ არის, მისი ღირებულება კიდევ გაიზარდოს.
გამოდის, რომ წლის განმავლობაში, საქორწინო ბეჭდის ფასი გაორმაგდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი შეძენა, სულ მცირე, 2-ჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.