თბილისში, ფონიჭალაში არსებული ავტონაწილების საწყობის ყოფილი თანამშრომელი "ინფო რუსთავთან" ობიექტში არსებულ არალეგალურ საქმიანობაზე საუბრობს.
ხათუნა სილაგაძე, რომელმაც სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა, საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ საწყობში რეექსპორტირებული ავტომობილების უკანონოდ დაშლა და შემდგომში ნაწილებად გაყიდვა მიმდინარეობს.
საწყობის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც აღნიშნული ავტომობილების განბაჟებით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შესულიყო, თუმცა ავტონაწილების საწყობის მფლობელების მხრიდან მისი მითვისება ხდება.
"უკანონოდ შლიდნენ ავტომანქანებს, რომელიც საზღვარზე უნდა გასულიყო და არ გავიდა, დაშლილი მანქანების ავტონაწილებს კი, ყიდდნენ. მე რაც ვნახე, 7 მანქანაა დაშლილი. ამ ყველაფრის სურათები მაქვს, ვინკოდი მაქვს ასევე ერთ-ერთი მანქანის, რომელიც გადაეცა ექსპერტიზას. განბაჟება ძალიან ძვირი ღირს და რადგანაც საზღვარზე აღარ გადიოდა მანქანები, ეს უკვე სახელმწიფო ქონების მითვისებაა", - აცხადებს ხათუნა სილაგაძე.
"ინფო რუსთავი" მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ფონიჭალაში, ავტონაწილების საწყობში იმყოფებოდა. ობიექტი ამ დროისთვის დალუქულია, როგორც მიმდებარედ დასაქმებული ხელოსნები გვიყვებიან, ავტონაწილების საწყობში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ხელოსანი, ალექსანდრე კენჭიაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, საწყობის მეპატრონეებს ავტონაწილები იაპონიიდან ჩამოაქვთ. რაც შეეხება უკანონო საქმიანობას, ამის შესახებ ხელოსანი დანამდვილებით ვერაფერს ამბობს.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის საწყობის მეპატრონეებსაც დაუკავშირდა. ობიექტის წარმომადგენლები წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურთ. ისინი ყოფილ თანამშრომელს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქალს სამსახურიდან გათავისუფლების გამო, შურისძიებას გეგმავს.
ფაქტს უარყოფს თავად ხათუნა სილაგაძე და აცხადებს, რომ თანხის მითვისებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, თემაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა მიხვდა, რომ ჩართული უკანონო საქმიანობის სქემაში იყო.
"რომ გავიგე კანონდარღვევა იყო, არ მინდოდა რაიმე პრობლემა შემქმნოდა და გადავწყვიტე მიმემართა გამოძიებისთვის. ჩემი ნებით არ დამიტოვებია, გამომიშვეს, რადგან ზედმეტად ბევრი ინფორმაცია მქონდა და არ უნდოდათ გამჟღავნებულიყო.
ეს შურისძიება არაა, უბრალოდ მე კანონის მიხედვით ვაკეთებ ყველაფერს.
ყველა გაყიდული დეტალი, 1 თეთრიც კი მიდიოდა მეპატრონესთან. თანხის მითვისებაას ვერ დაამტკიცებენ. 24 საათი კამერები ჩართული იყო, კონრტაქტზე ვიყავი მფლობელთან და 1 ლარი არ ყოფილა გაფლანგული", - აცხადებს საწყობის ყოფილი თანამშრომელი.
როგორც გავარკვიეთ, ფაქტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიება სამსახური იძიებს. საინფორმაციო სააგენტოს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლიათ, რადგან საკითხის ირგვლივ დეტალებს ვერ არკვევენ.