გაუქმდეს კომენდანტის საათი , – ამ შინაარსის პეტიცია ვრცელდება Manifest.ge-ზე, რომლის ადრესატიც საქართველოს მთავრობაა.
ამ დროისთვის პეტიციას ხელი უკვე 14 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი.
ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში.
საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება.
გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ.
გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია;
დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად", წერია მანიფესტში.
ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებიდან ნახევარი წელი გავიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს.
თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.
მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.
გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.
ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს.