“აზოტის” ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა

2021-04-30 21:50:43

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და პარლამენტში რუსთაველმა დეპუტატმა ალექსანდრე დალაქიშვილმა “აზოტის” ხელმძღვანელებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დატოვეს. აღნიშნულ მოლაპარაკებებში ისინი მედიატორების როლს აღარ შეასრულებენ.

როგორც პარლამენტარებმა რამდენიმე საათიანი დიალოგის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, ისინი გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად დაელოდებიან, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობა.

“მათ აქვთ პოზიცია, რომ თავიანთ თანამშრომლებთან უნდათ მხოლოდ თვითონ საუბარი. ჩვენ პრობლემას არ ვქმნით”, - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ალექსანდრე დალაქიშვილის თქმითვე, მედიატორებს კომპანიის ხელმძღვანელებთან ჰქონდათ წინადადება, ხელფასების ფიქსირებული თანხით მომატება მომხდარიყო, თუმცა, მათი პოზიციები ამ კუთხით ვერ დაახლოვდა. დეპუტატის განცხადებითვე, ისინი არ დათანხმდნენ კომპანიის მხრიდან წამოყენებულ წინადადებას, რომელიც ხელფასების ზრდას კატეგორიების მიხედვით ითვალისწინებდა.

პარლამენტარების თქმითვე, “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელები ხვალ გააჟღერებენ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც მათ გაფიცულ თანამშრომლებთან აქვთ.

გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ მუშები და ისინი ამბობენ, რომ ამჯერად მოლაპარაკებებს პროფკავშირების ჩართულობით გააგრძელებენ.

ხვალ დილიდან გაფიცული თანამშრომლები “რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ შეიკრიბებიან.