"ეს შეზღუდვა ჩემთვის გაუგებარია"

2021-04-27 14:42:01

სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვამ მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

იმ ფონზე, როცა საკითხთან დაკავშირებით განხილვა არ წყდება და მოქალაქეებმა დაზუსტებით ჯერ კიდევ არ იციან, მოახერხებენ თუ არა სააღდგომო დღეებში მიცვალებულების საფლავებზე მისვლას, საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსთავში მოღვაწე სასულიერო პირები დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"ინფო რუსთავი" აღნიშნული კითხვით რუსთავის ხარების ტაძარის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილს დაუკავშირდა.

მამა მიქაელის თქმით, მისთვის აკრძალვა გაუგებარია და არ ესმის, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს პანდემიის მართვაში ამ ყველაფერმა.

"გაუგებარია ჩემთვის ეს შეზღუდვა ვის რას აძლევს. ეპიდემიის დაძლევის კუთხით რა ცენტრალური საკითხი იყო სასაფლაოზე ხალხის გაუსვლელობა.

ზოგადად, ადამიანები მიცვალებულებს ისედაც იხსენებენ, პანაშვიდსაც ახდევინებენ, ვისაც სურვული აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვერ ცვლის საფლავზე ასვლას და იქ კვერცხის გადაგორებას, სანთლის ანთებას, პასკის მიტანას, მიცვალებულის ამ სახით მოხსენებას სააღდგომო დღეებში, ბრწყინვალე შვიდეულში.

ადამიანი ერთადერთი სუნთქვას ვერ შეაჩერებს, თორემ დანარჩენი ყველაფერს მოერგება, მაგრამ კარგია თუ ეცოდინება მას, ამას რისთვის აკეთებს, ვის რაში ეხმარება ეს საქმე. ეპიდემიის გავრცელების ხელის შეშლისთვის არის ეს გაკეთებულიო, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაშინ ის რატომ მოხდა, ეს რატომ მოხდა და აი, ეს არის გაუგებარი. რა მთავარი საკითხია, რომ შარშან ხალხს არ მისცეს საშუალება, საკუთარი მიცვალებულების საფლავები მოენახულებინათ და წელსაც ეს აიკრძალა. ეს არის საინტერესო, ეს კითხვა შეაწუხებს ხალხს, თორემ მეტი კი არაფერი", - განაცხადა მამა მიქაელმა. 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა.