უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზებიც;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასაფლაოებზე განსაკუთრებული შეზღუდვა 3-4 მაისს იქნება.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზოგადად, შეზღუდვები "ბრწყინვალე შვიდეულის" პერიოდში იმოქმედებს.
"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება.
თარიღები არ დაკონკრეტებულა. ყველაზე ხშირად ადამიანები სასაფლაოებზე გადიოდნენ ორშაბათს და სამშაბათს, ამიტომ ამ დღეებში იქნება შესაბამისი სიმკაცრე", - განაცხადა გამყრელიძემ.
სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია გააკონტროლებს.
რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;