რუსთავში სამედიცინო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა.
ექიმთან ვიზიტის დროს ჯანმრთელობის გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაზეც, ალბათ, ადამიანი ფიქრობს არის ფინანსები, თუ რა თანხა დაუჯდება ოჯახის ექიმთან ან სხვადასხვა პროფილის მედიკოსთან ვიზიტი.
"ინფო რუსთავი" ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დაუკავშირდა და სამედიცინო მომსახურებაზე არსებული ტარიფები გაარკვია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამედიცინო დაწესებულებებში ექიმთან ერთჯერადი ვიზიტის დროს, იმ შემთხვევაში თუ არ სარგებლობთ საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პაკეტებით, საშუალოდ 30-დან 45 ლარამდე დაგეხარჯებათ. ფასი წინა წელთან შედარებით 10-15 ლარით გაიზარდა.
5-10 ლარით იზრდება სხვადასხვა პროფილის მიმართულების ექიმებთან ვიზიტისას. სხვადასხვა კლინიკაში კონკრეტული პროფილის ექიმთან მისასვლელად 40-დან 50 ლარის ფარგლებში თანხა დაგჭირდებათ.
შედარებით მაღალია ფასი გინეკოლოგთან და კარდიოლოგთან ვიზიტი, სადაც ერთჯერადი ვიზიტის დროს 40-50 ლარის გადახდა მოგიწევთ. ამ მომსახურებაში, რა თქმა უნდა, არ შედის ანალიზების აღება.
ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში განსხვავებულია ფასები სისხლის საერთო ანალიზის გაკეთების შემთხვევაში, კლინიკების ნაწილში სისხლის საერთო ანალიზისთვის 15 ლარის გადახდა მოგიწევთ, მეორე ნაწილში კი 20-25 ლარის.