"ზოგი საწარმო არ ფიქრობს გაუმჯობესებაზე, რასაც კანონი მიხედავს"

2021-04-10 18:32:15

გარკვეულ პერიოდში, რუსთავში ჰაერის დაბინძურების ისტორიულ პრობლემას, სასიკეთოდ შევცვლით ჩვენი შვილებისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის რუსთაველმა წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა რუსთავში ერთ-ერთი ეკოლოგიური პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დალაქიშვილის თქმით, გამკაცრებული გარემოსდაცვითი კანონპროექტის აღსრულების მექანიზმზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში არსებული ზოგიერთი მცირე საწარმო გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენების კუთხით ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

"სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საწარმოებთან, რათა თავიანთი ვალდებულებები ვადაში შეასრულონ. მაგალითად, კომუნიკაცია გვქონდა "ჯეოსთილთან". მოგეხსენებათ, მოსახლეობასთან ახლოსაა ეს საწარმო და საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, როდესაც იქ საწარმოო პროცესი მიდის. შემოდგომაზე მათ გააკეთეს პრეზენტაცია, რომ მტვერდამჭერ სისტემას დააყენებდნენ, მე ჩემი თვალით ვნახე აღნიშნული დანადგარი უკვე საწარმოშია და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გვპირდებიან, რომ მოახდენენ სარემონტო სამუშაოებს და საგრძნობლად შემცირდება გამოფრქვევა.

ასევე, აქტიურად მუშაობს აზოტის ქარხანა, რათა გამოფრქვევა აზოტის დიოქსიდის საგრძნობლად შემცირდეს. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ეს პროექტი.

ამ ორ კოკრეტულ საწარმოზე მაქვს ახლა ეს ინფორმაცია, სადაც გაუმჯობესებისკენ მცდელობები მიდის, მაგრამ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ზოგი მცირე საწარმო საერთოდ არ ფიქრობს ამაზე, ნუ ამას ალბათ კანონი მიხედავს", - განაცხადა დალაქიშვილმა.