უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შესაბამისად, იკრძალება საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა.
"ცვლილების თანახმად, იკრძალება ფართის გადაცემა/დათმობა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიცაა: ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ. ფართის მფლობელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის". – თქვა ღიბრაძემ
ღიბრაძის თქმით, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიღებისთანავე აცნობოს შესაბამის სამსახურებს, ხოლო მოცემულ სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში აქვთ უფლება, ობიექტზე გადაადგილება შეზღუდონ.
"თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნის დარღვევა, შესაბამისი სამსახურები უფლებამოსილი არიან, დროებით შეზღუდონ ობიექტზე გარეშე პირთა შესვლა". – ამბობს ღიბრაძე.
ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი, ხოლო, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია.
ფოტო: ირაკლი მიქაძე