"მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე ვართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, თუკი მოსახლეობა წესებს დაიცავს, დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები საჭირო აღარ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში - კი.
„მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე დგას ქვეყანა. ტემპერატურა თბილია, რაც ნიშნავს იმას, რომ რესპირაციული ვირუსები სუსტდება ამ დროს, აქედან გამომდინარე, როგორმე აპრილ-მაისი მშვიდად უნდა გავიაროთ. დაახლოებით, დღევანდელ სურათს მართავს ჯანდაცვის სექტორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე მომატებული რისკია, თუმცა "მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს".
„მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით. არ გინდათ, ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩასხდომა. რა სჯობს, ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას, ცუდია 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ?!“, - მიმართა მედიის წარმომადგენლებს ამირან გამყრელიძემ.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დიდ თავშეყრებსა და ქეიფს თავი აარიდონ.